ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნა აუცილებელია

26 ნოემბერი 2018

მერვე თვეა, ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებებს იკვლევს. ამ მიზნით ორგანიზაციამ ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „ჩვენ აქ ვართ“ სხვადასხვა აქტივობები განახორციელა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებმა კომიტეტი შექმნეს. მშობლები მათ წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აცნობენ. მშობლები რამდენიმე პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვენ.

მშობელთა კომიტეტის წევრები „ნაბიჯი ხარაგაული“-ს დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორ რუსუდან გურგენიძესთან ერთად 2 ნოემბერს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებს შეხვდნენ.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო რუსუდან გურგენიძეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, – ამბობს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძე, – „ნაბიჯი ხარაგაული“ ძალიან რთულ თემას შეეჭიდა. მათ მიერ ორგანიზებულ თითქმის ყველა აქტივობას დავესწარი. ფაქტობრივად, ყრუ კედელი დაანგრიეს და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. მოხარული ვარ, რომ მშობელთა დამოკიდებულება თანდათან იცვლება. მათ შვილები გარეთ გამოჰყავთ და პრობლემებზე საუბრის აღარ რცხვენიათ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სახელით ვაცხადებ, რომ მათ გვერდით ვიქნები. ევროპის ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ამიტომ იქ ისინი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ითვლებიან. ასე უნდა იყოს საქართველოშიც.“

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც პროექტით მივაღწიეთ ისაა, რომ მშობლები თავიანთ პრობლემებზე ალაპარაკდნენ, – ამბობს „ნაბიჯი ხარაგაულის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან გურგენიძე, – მშობელთა კომიტეტის წევრები ინტენსიურად იკრიბებიან. მსჯელობისა და განხილვებით შემდეგი პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ:

  • ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობა;
  • ხარაგაულში დღის ცენტრის შექმნა;
  • „ამოსუნთქვის პროგრამა“ – შშმ პირთა მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ, ყოველთვიური ფულადი დახმარება 30 ლარიდან 50 ლარის ფარგლებში. ამ თანხით ისინი თვეში ან ორ თვეში ერთხელ შეძლებენ დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ.

დღის ცენტრი არა მარტო დაბა ხარაგაულში, არამედ ზონების მიხედვით უნდა შეიქმნას. 18 წლის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბევრად უფრო მეტ პრობლემას აწყდებიან. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი სახლში ჩაკეტილები რჩებიან. ამიტომ დღის ცენტრი 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც უნდა ამოქმედდეს. დღის ცენტრში მათ სოციალური უნარ-ჩვევები უვითარდებათ, რაც ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვაში დაეხმარება.

მთავარია, ხარაგაულში დღის ცენტრი გაიხსნას და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროსგან ვაუჩერული დაფინანსება მივიღოთ. ზონების მიხედვით, დღის ცენტრმა პირველ ეტაპზე კვირაში ორი-სამი დღე შეიძლება იფუნქციონიროს. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირია რეგისტრირებული. მათი უმრავლესობისთვის დღის ცენტრის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენიმე მშობელმა შვილი უკვე ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონში“ წაიყვანა.

ხარაგაულში გვყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ და მშობელი სახლში მარტო ვერ ტოვებს. ძლიერი შეზღუდვის მქონე პირთა მშობლებისთვის ე. წ. „ამოსუნთქვის პროგრამა“ მართლაც რომ შვება და ამოსუნთქვა იქნება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად მათზე 20-30 ლარის გაცემას ვითხოვთ. ზუსტი ინფორმაცია, რამდენი შშმ პირია ხარაგაულში, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ მეურვე, არ გვაქვს. უახლოეს ხანში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პერიოდში, ამ ინფორმაციას საკრებულოსა და მერიას წარვუდგენთ“.

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები ნიკოლოზ მაღრაძე, იუზა კელენჯერიძე და თემური ფცქიალაძე ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედებას მხარს უჭერენ. ისინი აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ხელშესაწყობად ყველამ უნდა ვიმოქმედოთ.

-ბორითის სკოლაში პანდუსის მოწყობა ადვილია, – აბობს გივი თხელიძე, – არა მგონია, საკრებულოს რომელიმე წევრმა უარი თქვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემაზე. მხოლოდ ეს პროგრამის სახით უნდა ჩამოყალიბდეს.

ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ აღმასრულებელი დირექტორის, რუსუდან გურგენიძისა და მშობელთა კომიტეტის სურვილია, რომ ხარაგაულელმა მაყურებელმა ზესტაფონის დღის ცენტ „ორიონის“ ბენეფიციართა მონაწილეობით სპექტაკლი ნახოს.

„ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდება ყველა, თუ როგორი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნამ, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – პროექტის „ჩვენ აქ ვართ“ წარმატებით გაგრძელებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი მაქვს.“

ნინო კაპანაძე

წყარო: http://chemikharagauli.com/

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge