რას ითხოვს ამომრჩევლის 54% - გამოქვეყნდა კვლევის შედეგები

17 ოქტომბერი 2017

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა (R-CSN) და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ფარგლებში წინასაარჩევნოდ კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგები დღეს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება
2. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა
3. პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება
4. ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება
5. ნარჩენების მართვა 


გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მართვა, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები, და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა. 
რას ითხოვს ამომრჩევლის 54% - გამოქვეყნდა კვლევის შედეგები



თითოეული ეს საკითხი ქალების მდგომარეობას სპეციფიურად უკავშირდება. მაგალითისთვის, როგორც თავად ქალი რესპონდენტები აღნიშნავნდნენ, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია მოუწესრიგებელი გზის საფარი, ტროტუარების სიმცირე და სივიწროვე. ასევე, ზამთარში მოყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებების (დროულად) გაუტარებლობა, რის გამოც ტროტუარებზე უსაფრთხოდ გადაადგილება რთულია, განსაკუთრებით საბავშვო ეტლით და/ან ჩვილი ბავშვით ხელში. 

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის საკითხი ქალების ტრადიციულ როლთან - „სახლის საქმეებთან“ არის კავშირში, რაც რიგ შემთხვევებში გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურთან კავშირში ორმაგად ამძიმებს ქალების მდგომარეობას, განსაკუთრებით კი სოფლად სადაც საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სანიტარიის საკითხებზე პასუხისმგებლობა ქალებს ეკისრებათ. 

პარკებისა და სკვერების პრობლემა ეკოლოგიასთან, ბავშვების ჯანმრთელობასთან, მათი გართობისა და ქალებისთვის საჯარო სივრცეში ურთიერთობის საჭირო სივრცეების გაუმართაობა-ნაკლებობასთან არის კავშირში (ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იქ სადაც ტრადიციულად ქალების საჯარო სივრცეში ურთიერთობა შეზღუდულია). 

ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სიმწირე ან/და გაუმართავი მუშაობა, ბუნებრივია, ბავშვების კეთილდღეობასთან არის კავშირში, თუმცა ამავდროულად ეს გავლენას ახდენს დედების საქმიანობაზეც, როგორც სახლში („სახლის საქმეებთან“ მიმართებით), ისე - სამსახურში. იმის გამო, რომ ბაღების მუშაობის გრაფიკი არ ემთხვევა დედების სამუშაო გრაფიკს (მათ შორის, საჯარო სამსახურში), მათ ხშირად უწევთ სამსახურში დაგვიანება ან/და სამსახურიდან ადრე გამოსვლა. 

ქალთა მიმართ ძალადობას რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება, ქალებმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტად უნდა იზრუნონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე, მათ შორის, თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობაზე და სხვა მექანიზმებისა და სერვისების შექმნაზე. 
რას ითხოვს ამომრჩევლის 54% - გამოქვეყნდა კვლევის შედეგები



კვლევა შეეხო იმასაც, თუ რა სახის კომუნიკაცია უნდა არსებობდეს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს და ქალ ამომრჩევლებს შორის; რას აქცევენ ყურადღებას ქალი ამომრჩევლები არჩევანის გაკეთებისას და როგორ უნდა ხდებოდეს ქალებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობებში. 

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 29%-ის სურვილია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო კანდიდატებმა თავად ჰკითხონ ქალებს მათი პრობლემების შესახებ. 28%-ის აზრით ინიციატივა ქალებმა და მოქალაქეთა ჯგუფებმა უნდა აიღონ ხელში. 22% კი ამ როლის შესრულებას არასამთავრობო სექტორს ანდობს. 

"არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რომ რესპონდენტთა 67% ფავორიტი პარტიისა თუ კანდიდატის შერჩევისას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რომელი პარტია/კანდიდატი ეხმიანება საარჩევნო პროგრამაში ან/და გამოსვლებში ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ან/და ქალების უფლებებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ასპექტი მხედველობაში მისაღები არ არის გამოკითხულთა მხოლოდ 17,5%-სთვის", – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევა 2017 წლის სექტემბერში, საქართველოს ათ რეგიონში ჩატარდა და მასში 1106-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. შერჩევაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 40 წელია. რესპონდენტთა 61% უმაღლესი განათლების მქონე, ხოლო 29% საშუალო განათლების მქონეა.
რას ითხოვს ამომრჩევლის 54% - გამოქვეყნდა კვლევის შედეგები



კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებულია სტრუქტურირებული კითხვარი ღია და დახურული კითხვებით. პრიორიტეტული საკითხები რესპონდენტებმა წინასწარ მომზადებული სიიდან აარჩიეს. ამ სიაში მხოლოდ ის საკითხები იყო შეტანილი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. რესპონდენტებს ჰქონდათ „სხვა“ საკითხის დამატების შესაძლებლობაც.

საქართველოს მოსახლეობის 52% და ოფიციალურად რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% ქალია. 

"საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქალი და კაცი ამომრჩევლების პრიორიტეტები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, ნაკლებ დროს უთმობენ ქალი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ცალკე კვლევას და მათზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამების შემუშავებას. სწორედ ამ პრობლემის ხაზგასმასა და აღმოფხვრას ემსახურება მიზნად R-CSN-ის მიერ ჩატარებული კვლევა", – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევის ავტორების რეკომენდაცით, ქალების არჩევნებში და შემდეგ უკვე ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, საარჩევნო სუბიექტებმა მეტი ყურადღება გაამახვილონ ქალ ამომრჩევლებზე, შეისწავლონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები და შესთავაზონ ამ პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზები. 

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]

 

წყარო: http://sknews.ge/

კომენტარი

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge