საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ჰყავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს განიხილავს და ადგენს დაირღვა თუ არა სადავო მასალაში ეთიკის სტანდარტი.
ნებისმიერ მსურველ ჟურნალისტს შეუძლია გაერთიანდეს ქარტიაში.
ქარტიის მიერ შემუშავებულია და აღიარებულია შემდეგი 11 პრინციპი:
1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
2. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
6. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.
7. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
8. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.
9. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.
10. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
პლაგიატი.
კომენტარი