საბავშვო ბაღი, ნაგავსაყრელი და წყლის რეზერვუარი ერთ სივრცეში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგა არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ძირითადი გადაუჭრელი საკითხი მაინც დაბინძურებული სასმელი წყალი და ნაგავსაყრელის არარსებობაა. სოფლის პრობლემების შესახებ CSO.ge-ს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი ესაუბრა. იგი პრობლემების ადვოკატირებით თავად არის დაინტერესებული.
ნინო გოგოლაშვილის განმარტებით, სოფელი რომელშიც 1500-მდე კომლი ცხოვრობს, მთლიანად მარაგდება მთიდან ჩამომავალი წყაროს წყლით, თუმცა პრობლემაა ის, რომ წყლის სისტემის მილები მოძველებულია, ალაგ-ალაგ დაზიანებულია, ამას ემატება ისიც, რომ გზას, სადაც მილები გადის, იყენებენ ცხენებით ტყიდან შეშის ჩამოსატანად, შესაბამისად, როდესაც ცხენებს ჩამოატარებენ, დაზიანებულ მილებში წყალი ადვილად ბინძურდება და მოხმარებისთვის უვარგისია.
ამასთან, დაბინძურებისგან დაუცველია რეზერვუარებიც. ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ მთავარანგელოზის ხევი, სადაც წყლის რეზერვუარებია განლაგებული ყოველდღიურად ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რადგან მოსახლეობა ამ ადგილს ნაგავსაყრელად იყენებს. მისი თქმით, ამავე წყლით სარგებლობს საბავშვო ბაღი, სადაც 100-მდე ბავშვი სწავლობს, საბავშვო ბაღი სწორედ ხევის პირსა მდებარეობს. ხშირია ბავშვებში ინტოქსიკაციის შემთხვევებიც.
„აქ არის ცენტრალური რეზერვუარი, სადაც წყალი გროვდება და მარაგდება მთელი სოფელი, მათ შორის საბავშვო ბაღი. აქვე ხედავთ გარემოს, სადაც ნაგავსაყრელია, ხედავთ როგორი დაუცველია და დაბინძურებულ გარემოშია ეს ყველაფერი. ყველა სარგებლობს საუბნო წყლით, ინდივიდუალურად ოჯახებში წყალი არ არის. საბავშვო ბაღსაც კი არ აქვს შეყვანილი წყალი და ვედროებით ეზიდებიან. ყოველ დღე ბავშვებს ამ დაბინძურებულ წყალს ასმევენ. სამწუხაროდ, ჩვენ ლაბორატორიული დასკვნები არ გვაქვს, თორემ ეს წყალი ნამდვილად უვარგისია. ბავშვები ყოველ დღე გამოჰყავთ ეზოში და სუნთქავენ ამ დაბინძურებულ ჰაერს. ინტოქსიკაციის ფაქტები ხშირია, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს მოდის წყლისგან, მაგრამ რადგანაც არ გვაქვს ლაბორატორიული დასკვნები, ეჭვი ეჭვად რჩება. ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება ნაგავიც, გზაც, წყალიც. მივმართეთ მათ მოსაგვარებლად, მაგრამ რეაგირება იყო მხოლოდ ის, რომ ამ რეზერვუარიდან წყალი მასობრივად აღარ იღვრება. თვითმმართველობამ ნაგვის პრობლემა ვერ მოგვიგვარა და მთელი სოფელი ნაგავს მიაქვს“, - აცხადებს ნინო გოგოლაშვილი
მისივე განმარტებით, რადგან ნაგავსაყრელი საბავშვო ბაღთან მდებარეობს, სახალხო დამცველი ამ ფაქტით ბავშვის უფლებებით კუთხით დაინტერესდა, ოქმი შეადგინეს, მოკვლევა დაწყებულია და შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.
გარდა ამისა ხევის ახლოს მაცხოვრებლებს აწუხებთ სუნი, მწერები, ტერიტორიაზე საბალახოდ გაშვებულია მსხვილფეხა პირუტყვი და ფრინველი, რაც დამატებით რისკებს შეიცავს ჯანმრთელობის კუთხით.
კომენტარი