ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს

09 ოქტომბერი 2019

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს წლის განმავლობაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა. სახელმწიფო ბიუჯეტის მსგავსად, სარეზერვო ფონდები გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ბიუჯეტებში.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდი წარმოადგენს გაუთვალისწინებელ, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ სახსრებს. შესაბამისად, სარეზერვო ფონდის მიზანია წლის განმავლობაში წარმოქმნილი ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელთა გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მაგალითად, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები. სარეზერვო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების (გამოყოფილი თანხების) მთლიანი ოდენობის 2%-ს.

IDFI-მ შეისწავლა 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა და წარმოგიდგენთ მის მოკლე შეჯამებას.

ძირითადი მიგნებები

- მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.
- 2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949, 777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა - 2,747,100 ლარი.

- ყველაზე მაღალი დანახარჯების მქონე პირველი 10 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯები კვლევის ობიექტი 60 მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯული საერთო თანხის 76%-ს შეადგენს.

- 2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი - 30% ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და მან 2,653,706 ლარი შეადგინა.

- ფინანსური დახმარებების შემდეგ სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე მეტი თანხა (2,212,756 ლარი), სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.

- საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1 367 811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

- 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა. მაგალითად, თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე განთავსებული 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყო 155 360 ლარი.

- ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე ბლექსი არენა ჯორჯია საკონცერტო დარბაზის ბილეთები.

- ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა პრობლემურია როგორც გეგმიურ მაჩვენებელზე გადაჭარბების, ასევე მისი ვერ ათვისების თვალსაზრისითაც. მაგალითად, 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებს, რომელთა სარეზერვო ფონდების საერთო გეგმიური ოდენობა 2018 წლის ბიუჯეტების მიხედვით 280 ათას ლარს შეადგენდა.

დასკვნა
მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდთა განკარგვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს. ამასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი გამონაკლისის წესით არ ვრცელდება თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე. შესაბამისად, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან შესყიდვები ხორციელდება კონკურენტული გარემოსა და გამჭვირვალობის პრინციპების უზრუნველყოფის გარეშე.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს შესყიდვების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის რეგულაციებთან. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა კონცეპტუალურად დაახლოვოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ევროკაშირის დირექტივასთან და შეამციროს ისეთი ხელშეკრულების დადება, რომლებზეც არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედება.

კვლევამ აჩვენა რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია. მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მერიები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინასების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგალითად კაპიტალური ხარჯები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ. ამავდროულად, ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილი მოსახლეობის სიმრავლით გამორჩეულ გორის მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდის ათვისების საჭიროების არ არსებობა.

კვლევის ფარგლებში პრობლემური იყო სხვადასხვა მონაცემის დაჯგუფება, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხების მიზნობრიობის დასაბუთებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხების შესახებ. მუნიციპალიტეტების მერიების ბიუჯეტისაგან განსხვავებით, რომელთა შესახებ ინფორმაციაც საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით არის ხელმისაწვდომი, სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება და მისი გაცნობა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებათა გაგზავნის გზით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, პრობლემურია ის რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილი არ გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას. ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდების შემთხვევაში კი არ ხდებოდა სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხების ზუსტი მიზნობრიობის მითითება რაც შეუძლებელს ხდის სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებული ზუსტი სურათის დანახვას.

კვლევის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://idfi.ge/public/upload/IDFI_2019/luminate_good_governance_project/Contigency_Funds_study_geo.pdf

 

ნახვების რაოდენობა : 471

კომენტარი

მთავარი ამბავი

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული ონლაინ გამოკითხვა
30 ივლისი 2020
ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლონდონის ტროპიკული მედიცინის სკოლა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატა ...
წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ სრულად

ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge